Thursday, May 2, 2013

 გვირილები 




გვირილები


წალკოტებს გავდა, გავდა მთებს, მოგზაურობა თავისკენ, მეცნო,
ტალღა–არხები გადავრთე, ბიბისი, ემტივი, რუსთავი, მეცცო
და დამიბუჟდა სხეული, ფიქრი, უწონობისას ძილში დავყვინთე,
თეთრი სამყარო მესიზმრა და გვირილების სიყვითლე,

მერე კი ძლივს გავიღვიძე, სიზმარს სამი დღე ვიხდიდი,
გავშიშვლდი, როგორც მუსიკა და როგორც ბოსხის ტრიპტიხი,
სიმბოლოებად გადავიშალე, გადავესუნთქე მთვარეებს, ნისლებს,
ხან მწვერვალების მომგავს ნიშანი, ხან სიგიჟეებს ვამბობ ან ვისმენ

და ახლა ჩემს წინ ხიდი იშლება, იქიდან აქეთ დამაქვს სიტყვები,
სიტყვებს სხივები ოქროს ნიშნებად ადევთ სახეზე, ჩრდილებს მივყვები,
რათა მოგაგნო ყოველი მხრიდან, გამმა განახო იმ უცხო ფერთა,
ყოველი მგზავრი თავს დაიხრიდა შენს წინაშე და წინ დაგიფენდა

თავის საწუთროს შორი ქვეყნების, ვარ მეც მათ შორის, შორეთს მივყავარ,
ვეყრები ღრუბლებს, ვენახებს ვეყრები და ახლა ამწუთს რომ მავსებ და მიყვარხარ,
კვლავ მიბუჟდება სხეული, ფიქრი, უწონობას ვგრძნობ, ძილში დავყვინთე,
მე იქ მომელის თეთრი სამყარო, შიგ გვირილების სიყვითლეც.



მე,შენ და გვირილები
დღეს მინდვრის გვირილები მომიტანეს,
მიწის სურნელით გაჟღენთილი.
დაუდევრად ჩავიბნიე თმაში და სარკის წინ,
თეთრი კაბაც ავაფრიალე.
მერე...
ახლაც ისევე დაგიწყე ლოდინი
როგორც ადრე,
გულისფანცქალით, მოუსვენრად,
თუმცა იმ განსხვავებით,
რომ დღეს აუცილებლად მოხვალ,
მოხვალ და დარჩები ჩემთან...
იცი? მიყვარს ის პატარა ეკლესია,
რომელიც მე და შენ...
ჩვენს გრძნობას დაიტევს...
და არ დამწყდება გული ევროპულ ქორწილზე,
სადაც მამას შეყავს შვილი ხელკავით ტაძარში...

ყვითელი სურნელით გაჟღენთილი,
ფერადი ემოციებით,
ჩვენ დავიწერთ ჯვარს და
ჩემს გულს წამოვაცვამ შენს თითს ერთგულების ნიშნად,
მე კი ვისათუთებ შენსას...
საყდრიდან გასული ავირეკლავ მზის სხივებს,
გიწილადებ მხოლოდ შენ, ჩემსას...
მე ხომ სამუდამოდ ჩაგიბნიეთ თმაში,
შენ და გვირილები,
მხოლოდ თქვენ...
ორივე ერთად...

მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.
ჭრელი აბრეშუმის ჭერი
სად არ წამოგყვება თრთოლვით,
ვიდრე ჩამოდგება ჯერი
სულში უსასრულო თოვის.
რაღაც გარდაუვალს ბავშვი
შენდაუნებურად ხვდები,
ქოლგა გაშავდება მაშინ
როცა გათეთრდება თმები.
მაგრამ გირჩევნია ახლა
ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს,
წაჰყვე მანქანათა ნახნავ
თოვლში გამოხვეულ ქუჩებს.
მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.



ოთარ ჭელიძე 




გოგონა გარბის...
არავინ იცის საითკენ გარბის.
ვერავინ მიხვდა,
ვერავინ ჩაწვდა მისსა ჩანაფიქრს,
მწვანე მინდორი,
ბიბინა მდელო გადაპენტილა
ნორჩი ბალახით,
მსუბუქ გვირილით,
გზად დაკრეფილა...
გოგონას ხელში
ღრუბლების მსგავსი თაიგული აქვს,
თავში ფიქრები,
ჩანაფიქრები არეულია,
თუმცა, მდელოზე
ბევრიც მოსჩანდა ყვავილი ნაზი
და არ უჩანდა
მინდვრის ჰორიზონტს გამყოფი ხაზი...

გვირილით ხელში
დაქსაქსულ გულით მინდორს კვეთავდა,
გარბოდა ვისგან,
ან კი გაქცევას ვის უბედავდა...
მშობლები, და-ძმა
განწირულია სატრფო ტიალი,
რა დარჩენია
თუ არა სოფლად მას ხეტიალი.

იშვილა მდელომ,
დედმამიშვილად იგულეს იგი,
და გვირილებმაც
მას მარად ტრფობის აღუთქვეს ფიცი!
თუმცა მდელოზე
ბევრიც მოსჩანდა ყვავილი ნაზი
და არ უჩანდა
მინდვრის ჰორიზონტს გამყოფი ხაზი...


2 comments: