Thursday, May 2, 2013

წითელი პარასკევი




დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.
საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.
ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.
და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!


დიდი პარასკევი – იგივე წითელი პარასკევივნების კვირის პარასკევი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:
იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.


დღეს დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით,მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.
 მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. პასქა გოგლგოთას განასახიერებს.

კვერცხების წითლად შეღება წმ. მარიამ მაგდალინელს უკავშირდება. წმინდა მარიამმა რომში იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება. იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.




გილოცავთ  ამ დიდ დღსასწაულს)))



No comments:

Post a Comment