Friday, May 17, 2013


ოთარ ჭილაძე






ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.მშობლები: მამა – ივანე ჭილაძე, ეკონომისტი. დედა – თამარ მათეშვილი. მეუღლე: ნანა თოფაძე–ჭილაძისა (1933–1990). შვილები: ზაზა (1955), თამარი (1962).

მისი ძმა თამაზ ჭილაძე მწერალია, ხოლო შვილი, ზაზა ჭილაძე კი ინგლისურიდან მთარგმნელი.

ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958–64). იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.

მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“ (1965).




პოეტური კრებულები
„მატარებლები და მგზავრები“ (1959)
„თიხის ფირფიტები“ (1963)
„რკინის საწოლი“ (1965)
„სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967)
„ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968)
„ცხრა პოემა“ (1969)
„გულის მეორე მხარე“ (1974)
„გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984)
„ლექსები“ (1987)
„მზე დეკემბერში” (1999)
„კიბე“ (2002)
პროზა [რედაქტირება]
„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (რომანი, 1973)
„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (რომანი, 1976)
„რკინის თეატრი“ (რომანი, 1981)
„მარტის მამალი“ (რომანი, 1991)
„აველუმი“ (1995)
„ბედნიერი ტანჯული“ (2003)
„გოდორი“ (2003)
„წათეს წითელი წაღები“ (2007)
ცხოვრებისეული კრედო 




„რაც არ უნდა პათეკიტურად ჟღერდეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ, უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით“, — აცხადებდა მწერალი.



ჯილდოები

მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი.

1997 წლის 31 მარტს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით[1].

2003 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „გოდორი“.






რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.




წამსვლელი თვითონ დგება და მიდის

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლეირად ვთვლიდი
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.

No comments:

Post a Comment