Monday, May 13, 2013

Welcome to Paris 





პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.






პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum, (ფრანგ. Lutèce ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან "პარიზიო", რაც "მუშა ხალხს" ან "ხელოსნებს" ნიშნავს.პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმ²-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმ² -ს. სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს, მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-სიტესა და სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.



პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე დასახლდნენ. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce)დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები, ფორუმი, ტაძრები, თეატრები და ამფითეატრიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა.

ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის კლოვის I-ის სამეფოს დედაქალაქია. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი და სააბატო.


ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში უამრავი ომების, ეპიდემიებისა და მასობრივი შიმშილის გამო ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად მცირდებოდა. მაგალითად, 1832 წლის ქოლერამ 20 00 ადამიანი იმსხვერპლა.

XIX საუკუნის ინდუსტრიალიზაციამ მოსახლეობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. 1921 წელს მოსახლეობამ 3 მილიონს მიაღწია, ეს ციფრი პარიზის ისტორიაში დღემდე რეკორდულია. დღეისათვის პარიზში ორ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს (იგულისხმება ძველი ქალაქი).

საპირისპირო სიტუაციაა გარეუბნებსა და სატელიტ დასახლებებში, სადაც 1921 წელს მხოლოდ 4,85 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 2006 წელს კი 11,6 მლნ.

იმის ხარჯზე, რომ პარიზელთა დიდი ნაწილი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, გარეუბნებში ან საფრანგეთის სამხრეთით გადადის საცხოვრებლად, პარიზი საკმაოდ "ახალგაზრდა ქალაქს" წარმოადგენს.

აქ ცხოვრობს დაუქორწინებელთა უდიდესი რაოდენობა - საშუალო პარიზული ოჯახი 1,75 ადამიანისგან შედგება. ფერტილობის კოეფიციენტი შეადგენს 1,64-ს რადგან პარიზული ოჯახების დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს. 2004 წლის მდგომარეობით, შობადობის კოეფიციენტი 14,8 შეადგენს, სიკვდილიანობისა კი — 6,6. ამგვარად, მოსახლეობის ბუნებრივი მატება + 8,1-ია, ხოლო საერთო + 2,1.



პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული ტრანსპორტის ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო)გადამზიდავებიდან, დასრულებული საჰაერო ტრანსპორტით; პარიზს ორი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატი ”დე ტრანსპორტ დილ დე ფრანსი” (Syndicat des transports d'Île-de-France) აწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე მეტრო






პარიზს ემსახურება სამი საერთაშორისო აეროპორტი:

შარლ დე გოლი 43,8 მლნ მგზავრით წლიურად (2003 წლის მონაცემები), ევროპაში მგზავრათა ნაკადის რაოდენობით მესამეა.
ორლი 23,1 მლნ მგზავრით წლიურად, მესამე ადგილზეა ევროპაში, და ძირითადად შიდა რეისებზეა გათვლილი.
ყველაზე ძველი აეროპორტი ლე ბურჟე უმეტესად კერძო თვითმფრინავეისა და მცირე ავიაკომპანიების მიერ გამოიყენება




პარიზის სადგურების სარკინიგზო ხაზები დედაქალაქს საფრანგეთის ყველა რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან აკავშირებს. სადგურებს შორის კავშირი საკმაოდ ოპერატიულად მყარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად გაწერილი განრიგით.

სადგური სენ-ლაზარი — ნორმანდია.
ჩრდილოეთის სადგური — ჩრდილოეთის მიმართულებით (TGV): დიდი ბრიტანეთი, ბელგია და ჰოლანდია (Thalys).
აღმოსავლეთის სადგური — აღმოსავლეთის მიმართულება: გგერმანია. ავსტრია და შვეიცარია.
ლიონის სადგური — რეგიონები, ცენტრი და სამხრეთ-დასავლეთი: (TGV) ალპები, იტალია
ბერსის სადგური — ალპები, იტალია (ღამის რეისები).
აუსტერლიცის სადგური — სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება( TGV): ესპანეთი, პორტუგალია.
მონპარნასის სადგური — ბრეტანი და საფრანგეთის დასავლეთი (TGV).

ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება სადგურები ლე ბურჟე, იმავე სახელწოდების მქონე კომუნაში განლაგებული და Vaires მისგან გამავალი დიდი წრიული გზით (Grande Ceinture).




პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ-დე-ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია — დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა.

პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ვიქტორ ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა.

საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, ”მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ”ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომჲუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია..

No comments:

Post a Comment