Saturday, February 1, 2014

წიგნები- სულის გიმნასტიკა







    რა არის ეს საოცარი ძალა, წიგნებს რომ გამოჰყოფს იმთავითვე? ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. ლიტერატურა ხომ ფრაგმენტთა ფრაგმენტია…
     ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს. ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ადამიანების მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისათვის არსებობს, რომ პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა, მიზნებმა არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული.
     როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენს ცხოვრებისეულ-ყოფით პრობლემებს, საზრუნავს ვაწყდებით. ამ დროს მწერალთან ერთად სამყაროს თავისუფალი მჭვრეტელები ვხვდებით და ვფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე მთავარი და არსებითია – რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა, ვინ ვართ და რატომ ვართ ამქვეყნად, რა ძალები წარმართავენ ჩვენს ცხოვრებას, რა სძენს ან უკარგავს მას აზრს და ფასეულობას. ლიტერატურა მოგვაპოვებინებს იმას, რაც ყოველგვარ პრაქტიკულ და მატერიალურ სარგებელ აღემატება; მოგვაპოვებინებს პიროვნულ სახეს და ინდივიდუალურობას, აგვიხელს თვალს, გვანიჭებს სიმართლის, კეთილშობილების და სიყალბის, სიმდაბლის ნათელი ხედვის ძალას, მშვენიერების და სხვა ღირებულებების ღრმა განცდის და წვდობის უნარს.

  



    გურამ დოჩანაშვილი ამბობს: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.” თუ ეს მართლა ასეა, (დამიჯერეთ, რომ ასეა) რატომ არ კითხულობენ დღეს წიგნებს და რატომ არის საქათველო ერთ-ერთი ყველაზე გაუნათლებელი ერი მსოფლიოში? გაოცდები კაცი, იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცბუნების გარეშე გამოგიტყდებიან, კითხვა არ გვიყვარსო. პირადად ჩემთვის გაღიზიანებას იწვევს ისეთი ადამიანი, რომელიც ზერელედ უდგება ამ საკითხს და აბუჩად იგდებს წიგნის მკითხველებს. მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი არა წიგნებზე, არამედ ათასგვარ სისულელეზე. ხშირად ვუფიქრდები იმ მოვლენებს, რომლებიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. სისულელეებზე ლაპარაკი ერთ-ერთი მათგანია. ყველამ კარგად იცის, რომ ასეთ ლაპარაკს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, მაშინ რატომ მოსწონთ მასზე საუბარი? პირადად მე ერთ დასკვნამდე მივედი: დღევანდელი ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ მაგალითად დოსტოევსკის კითხვისკენ აღარ მიუწევთ გული. ხალხი ცდილობს, გაიადვილოს ცხოვრება და სისულელებზე საუბრით გაირთოს თავი.


დიდი ხანია კაცობრიობა აღარ არის მიდრეკილი ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისკენ, მითუმეტეს დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია. როგორ წესი ადამიანის თვალი უფრო სჭამს ვიდრე გონება. ხალხი ერთობა, ხოლო როდესაც შენი ყოველდღიურობა გართობის სახეს იღებს, აღარ გაღელვებს რამდენად საჭირო და მარგებელია შენი გართობის წყარო. იდილია! როგორ დავცინით და როგორ გვენატრება ამ სიტყვის განცდა. როგორ დამძიმდა იგი, იდილია!
     რატომ უნდა ვიკითხოთ? იმიტომ,რომ როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. პირადად მე ბევრი რამ გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან.



მწერალი თავის ნაწარმოებში აქსოვს იმ სიბრძნეს, რომელიც მას გააჩნია და რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ უკეთესად ვუგებთ ადამიანებს. მონტენი ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო სამი რამ “სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა”. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და რომ არა წიგნები, ადვილად ვერ გავაცნობიერებდი მეგობრობასა და სიყვარულს, რადგან წიგნში ასახულია სხვადასხვა ადამიანთა ურთიერთობები, რომელთა მაგალითზეც ვსწავლობთ ცხოვრებას. მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი მცირედით მაინც დავემსგავსო ჩემს რჩეულ გმირებს.




1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: “მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.”ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს.
არც მე ვაძლევ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას, რომ ვინმეს კატეგორიულად მოვთხოვო წიგნის წაკითხვა, ან მითუმეტეს “არწაკითხვა”, მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე.

   მთავარია, გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა…