Sunday, May 5, 2013

გიორგი ზანგური




ჩემი უსაყვარლესი პოეტია თანამედროვე ახალგაზრდა ქართველ პოეტებს შორის <3 და მის შემოქმედებასაც პატივს ვცემ) გადავწყვიტე პოსტი დამეწერა მასზე სადაც მის შემოქმედებას გაგაცნობთ)))




ქურდი

"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
"ღამე გამიხდება სათევარი".
ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც! "









ქალაქი სადაც..

ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციათ გადექცათ სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს
იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხრის შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე - სულელია,სიკვდილი - ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით,ერთმანეთის ზიზღით,ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი...



















ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს 
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, 
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი 
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ 
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, 
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? 
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება 
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. 
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი 
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, 
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! 
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. 
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე 
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, 
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს, 
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს. 
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, 
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, 
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა 
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო









ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან 
და უკანონო ეყოლა კვირტი. 
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა, 
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი. 

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის, 
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, 
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, 
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა. 

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი 
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა. 
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი 
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა... 
გაზაფხულია!













ავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.
გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები:შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები:შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები:შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.
გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.
გავხდები:დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული,რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები:შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ,
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი,
ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი,
ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ?
ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი…
















დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს, 
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა, 
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ, 
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა. 

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა, 
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი 
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა 
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი. 

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს, 
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს, 
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს 
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს. 

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს 
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა 
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო 
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა 

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ 
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას, 
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა, 
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას 

და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა, 
ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების, 
ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა, 
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები. 

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს 
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით, 
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს 
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი. 

მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები 
გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა 
და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები 
და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.







No comments:

Post a Comment