Sunday, June 2, 2013








დგანან უცხო დღეები...

დგანან უცხო დღეები,
შენი მწიფე ქარიზმა.
ვარდი მონაღერები
მოიძულა მაისმა...

რადგან ჩემი სიტყვები
შენგან ისე შორია,
მდუმარებამ დაფარა
მთელი ტერიტორია.

რადგან ჩემგან წასული
ფიქრით მომეხიზნები.
დაგავიწყდა წარსული,
დოგმა, კატეხიზმები.

დააბიჯებს მიწაზე
ასეთი ათასები,
გამორჩეულს უყვარდი,
შენ კი ვერ აფასებდი...

ფიქრი ჩემი, ტოტიდან
აფრენილი გნოლია,
დგანან უცხო დღეები,
მწიფე მელანქოლია...


ავტორი: მარიამ მელიქიშვილი




გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს…























სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? – ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულგაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა…
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,
როგორც ცამ, გამოიდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილისმყოფელი.
ვიცინი… იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, –
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილჩამოხეულმა…













მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი
მთას ეკრა ბუმბულივითა,
ჰშვენოდა ფიქრებში გართვა,
მინდორზედ სუმბულივითა.
მთის წვერებს მოსდევს ნიავი
ნადირის სუნსულივითა.
ბუნება ნანობს ცოდვასა,
იუდა სულ-კრულივითა.
- რას უცდი, ნისლო პატარავ,
დაკერებული მთაზედა?
- რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,
მტერი ჩამიდგა გზაზედა!
როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან
დამწვარ-დაბუგულს მიწასა?
თავის ძმისწული მოუკლავ
გაბოროტებულს ბიძასა;
მშობლებზედ მეტად სწყენია
გაზდილის ერთგულ ძიძასა.
თვალები მთელის ქვეყნისა
შემომცქერიან თხოვნითა,
ეგებ როგორმე დავიხსნა
სოფლის ამაგი გოლვითა.
სწორედ ამისთვის დავფიქრდი
და ვეხვეწები ზეცასა:
გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,
ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;
გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ავაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა.





შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!






        ისევ შემოგხედე თვალებში..

ისევ ამითრთოლე გული...

ისევ ჩერდებოდნენ წამები..

ისევ მომიწამლე გული..

ნეტა არასოდეს მენახე..

აღარ დამჩაგრავდა სევდა ვეღარ მოვაღწიე შენამდე...

აღარ გამიღიმა ბედმა...

ისევ გაყინული სიჩუმე..

ისევ აირია გზები..

ისევ მომხიბვლელი ღიმილი..

ისევ სიყვარულით გელი.

ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..

სადღაც გაქრებოდა დარდი..

აღარ ვიტირებდი არასდროს..

ოღონდ გყვარებოდი წამით...                                       









No comments:

Post a Comment